მენიუ

ინკოტერმსი

საერთაშორისო სავაჭრო ტერმინები – ინკოტერმსი 2020

 

“ინკოტერმსი” არის კომერციული ტერმინების (პირობების) სერია, რომელიც შეიქმნა საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) მიერ და იგი დაცულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ინკოტერმს-ის წესები საერთაშორისო ვაჭრობის ფუნდამენტური ნაწილი გახდა და იგი ხელს უწყობს ბიზნესების ოპერირებას ქვეყნის საზღვრების მიღმა. ეს გლობალურად აღიარებული პირობები ინტეგრირებულია საქონლის ყიდვა/გაყიდვის კონტრაქტებში, რაც ნათელს ხდის მყიდველსა და გამყიდველზე დაკისრებულ  ვალდებულებებსა და ტრანსპორტირების პირობებს. აღნიშნული ტერმინები ამარტივებს ხელმძღვანელობას როგორც იმპორტიორებისა და ექსპორტიორებისთვის, ასევე გადამზიდავებისთვის, იურისტებისა თუ მზღვეველებისთვის.

მყიდველებისა და გამყიდველების პასუხისმგებლობის განსაზღვრით, ინკოტერმსი აუმჯობესებს ტრანზაქციებს, უზრუნველყოფს საქონლის უწყვეტ ნაკადს გლობალური მიწოდების ჯაჭვის მეშვეობით.

გთავაზობთ 11 ძირითად წესს, თანდართული მოკლე მიმოხილვებით Incoterms 2020 გამოცემიდან.

 

E- ტერმინი

E-ტერმინი ნიშნავს გამყიდველის მიერ თავისავე საწყობში მყიდველისთვის ტვირთის გადაცემას.

 

  • EXW (Ex Works)

გამყიდველი თავისივე საწყობში გადასცემს ტვირთს მყიდველს. ამ ტერმინით განისაზღვრება მყიდველის მაქსიმალური, ხოლო გამყიდველის მინიმალური პასუხისმგებლობა, მომწოდებელი ვალდებულია დაეხმაროს მიმღებს საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებაში, თუმცა მყიდველს უწევს ყველა ხარჯისა და რისკის გაწევა ტვირთის ტრანსპორტირებისთვის.

 

F – ტერმინი

საერთაშორისო გადაზიდვის ხარჯებს გამყიდველი  არ იხდის, იგი ვალდებულია საქონელი მიაწოდოს მყიდველის ან მისგან დასახელებულ ექსპედიტორს.

 

  • FCA (Free Carrier)

გამყიდველი, ექსპორტიორი ქვეყნის ფარგლბში, დასახელებულ სატრანსპორტო საშუალებასთან აწვდის მყიდველს საქონელს საექსპორტო დოკუმენტაციასთან ერთად და პასუხისმგებელია საქონლის დატვირთვასთან დაკავშირებულ რისკსა და ხარჯებზე, ხოლო მყიდველი იხდის ტრანსპორტირების ყველა ხარჯს და თავის თავზე იღებს გამყიდველის მიერ საქონლის ჩატვირთვის შემდეგ  დაკარგვა/დაზიანების რისკს.

  • FAS (Free Alongside Ship)

აღნიშნული მიწოდება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საზღვაო ტრანსპორტით.

გამყიდველს საქონელი მიაქვს ექსპორტიორ ქვეყანაში  დასახელებულ პორტში და ათავსებს მას გემის ბორტთან. იგი პასუხისმგებელია საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადების, დატვირთვა გადმოტვირთვის, ასევე შიდა ტრანსპორტირების რისკსა და ხარჯებზე საქონლის გემამდე მიტანამდე.

მყიდველი იხდის ტრანსპორტირების ყველა ხარჯს და თავის თავზე იღებს საქონლის  დაკარგვა/დაზიანების რისკს, საქონლის გემთან მიტანის შემდეგ.

  • FOB (Free On Board)

აღნიშნული მიწოდება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საზღვაო ტრანსპორტით.

გამყიდველს საქონელი მიაქვს დასახელებულ ადგილზე, ექსპორტიორი ქვეყნის ფარგლებში და ტვირთავს მას გემზე. იგი  პასუხისმგებელია საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადების, დატვირთვა გადმოტვირთვის, ასევე შიდა ტრანსპორტირების რისკსა და ხარჯებზე საქონლის მიერ გემის ბორტის გადაკვეთამდე, ხოლო მყიდველს, გარდა იმისა რომ უწევს საქონლის ტრანსპორტირების ყველა ხარჯის გადახდა, იგი თავის თავზე იღებს საქონლის დაკარგვა/დაზიანების რისკს ჩატვირთვისას, საქონლის მიერ გემის ბორტის დატოვების მომენტიდან.

 

 

C – ტერმინი

საერთაშორისო გადაზიდვის ხარჯებს გამყიდველი  იხდის, იგი მოვალეა საქონელი მიაწოდოს მყიდველს ან მისგან დასახელებულ ექსპედიტორს.

 

  • CFR (Cost and Freight) – ღირებულება და ფრახტი

აღნიშნული მიწოდება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საზღვაო ტრანსპორტით.

გამყიდველი იხდის საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებისა და  შიდა ტრანსპორტირების ხარჯებს, აგრეთვე დასახელებულ პორტში საქონლის მისატანად აუცილებლ  ფრახტს, მაგრამ არ იღებს თავის თავზე საქონლის დაკარგვა/დაზიანების რისკს.

მყიდველი თავის თავზე იღებს საქონლის დაკარგვა/დაზიანების რისკს ჩატვირთვისას და იხდის გემიდან საქონლის გადმოტვირთვის, აგრეთვე გადმოტვირთვის შემდეგ წარმოშობილ ყველა ხარჯს;

  • CIF (Cost, Insurance and Freight) – ღირებულება, დაზღვევა, ფრახტი

აღნიშნული მიწოდება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საზღვაო ტრანსპორტით.

გამყიდველს, ტვირთი ჩააქვს იმპორტიორი ქვეყნის მითითებულ პორტში და  იხდის საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებისა და  შიდა ტრანსპორტირების ხარჯებს, აგრეთვე დასახელებულ პორტში საქონლის მისატანად აუცილებლ  ფრახტს, აგრეთვე საქონლის დასაზღვევად საჭირო ხარჯს,  მაგრამ არ იღებს თავის თავზე საქონლის დაკარგვა/დაზიანების რისკს .

მყიდველი თავის თავზე იღებს საქონლის დაკარგვა/დაზიანების რისკს ჩატვირთვისას, საქონლის მიერ გემის ბორტის დატოვების მომენტიდან და იხდის გემიდან საქონლის გადმოტვირთვის, აგრეთვე გადმოტვირთვის შემდეგ წარმოშობილ ყველა ხარჯს.

  • CPT (Carriage Paid To) – ფრახტი გადახდილია

გამყიდველი იხდის საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებისა და  შიდა ტრანსპორტირების ხარჯებს, აგრეთვე დასახელებულ ადგილამდე საქონლის მისატანად აუცილებელ  ხარჯებს, მაგრამ არ იღებს თავის თავზე საქონლის დაკარგვა/დაზიანების რისკთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას.

მყიდველი თავის თავზე იღებს საქონლის მისატანად აუცილებელ ხარჯებს და რისკს მას შემდეგ, რაც საქონელი მიეწოდება მის მიერ დასახელებულ პირველ გადამზიდავს.

  • CIP (Carriage and Insurance Paid To) – ფრახტი და დაზღვევა გადახდილია

გამყიდველი იხდის საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებისა და  შიდა ტრანსპორტირების,  დასახელებულ ადგილმდე საქონლის მისატანად აუცილებელ  ხარჯებს, აგრეთვე საქონლის დასაზღვევად საჭირო ხარჯს,  მაგრამ არ იღებს თავის თავზე საქონლის დაკარგვა/დაზიანების რისკს.

მყიდველი თავის თავზე იღებს საქონლის მისატანად აუცილებელ ხარჯებს და რისკს მას შემდეგ, რაც საქონელი მიეწოდება მის მიერ დასახელებულ პირველ გადამზიდავს.

 

D – ტერმინი

გამყიდველი ვალდებულია თავის თავზე აიღოს ყველა ხარჯი და რისკი, რაც აუცილებელია საქონლის დანიშნულების ადგილზე მისატანად.

 

  • DAP (Delivered at Place) – მიწოდება დანიშნულების ადგილას

გამყიდველი იხდის ყველა ხარჯს (გარდა საიმპორტო საბაჟო ხარჯებისა) და თავის თავზე იღებს საქონლის დაკარგვა/დაზიანების რისკს, საქონლის დანიშნულების ტერმინალში გადმოტვირთვის ჩათვლით.

მყიდველი თავის თავზე იღებს საქონლის დაკარგვა/დაზიანების რისკს და იხდის ყველა ხარჯს საქონლის დანიშნულების ტერმინალში  გადმოტვირთვის შემდეგ.

  • DPU (Delivered At Place Unloaded) – მიწოდება დათქმულ პორტში ან ტერმინალში

გამყიდველი იხდის ყველა ხარჯს (გარდა საიმპორტო საბაჟო ხარჯებისა) და თავის თავზე იღებს საქონლის დაკარგვა/დაზიანების რისკს, საქონლის დანიშნულების ადგილზე გადმოტვირთვამდე.

მყიდველი თავის თავზე იღებს საქონლის დაკარგვა/დაზიანების რისკს და იხდის ყველა ხარჯს საქონლის დანიშნულების ადგილზე მიტანის შემდეგ.

  • DDP (Delivered Duty Paid) – მიწოდება იმპორტის გადასახდელების ჩათვლით

გამყიდველი იხდის ყველა ხარჯს და თავის თავზე იღებს საქონლის დაკარგვა/დაზიანების ყოველგვარ რისკს საქონლის მყიდველის შენობა-ნაგებობაში მისატანად, საქონელს აწოდებს მყიდველს მის შენობა-ნაგებობაში.

მყიდველი არ იღებს თავის თავზე არანაირ ხარჯს და რისკს.

Scroll to Top